ახალი ამბები
სოხუმმა მოგერინის „პასპორტების“ აღიარების თხოვნით მიმართა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა, რომელზეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 38-ე რაუნდის შედეგები შეაჯამეს. აფხაზური მედიის ცნობით, „საგარეო უწყების“ ხელმძღვანელმა კან ტანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთისთვის ეს არის ერთადერთი ოფიციალური საერთაშორისო სივრცე, რომელზეც რეგიონის მთავარ პოლიტიკურ აქტორებთან, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ევროკავშირი, გაერო და ეუთო, ურთიერთობის საშუალება ეძლევა.
მისი თქმით, ჟენევის 38 - ე რაუნდმა პოზიტიურად ჩაიარა, მიუხედავად „საქართველოს არაკონსტრუქციული პოზიციისა“.

„პირველად, 2008 წლიდან, ჩვენ ახლოს ვიყავით ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებასთან, შევიმუშავეთ ტექსტის ერთიანი ვარიანტი, თუმცა, ქართულმა მხარემ ის ბოლო მომენტში ჩაშალა “, – განაცხადა ტანიამ.

მან აღნიშნა, რომ აფხაზურმა მხარემ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს „საზღვარგარეთის და დიპლომატიური პასპორტების ნიმუშები გადასცა, რათა მომავალში მათი, როგორც სამგზავრო დოკუმენტების, აღიარების შესაძლებლობა განიხილონ. გარდა ამისა, მათ წერილით მიმართეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის მოგვარებაში მის დახმარებას ითხოვენ.

Print