ახალი ამბები
რუსი ბიზნესმენების მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი „დეპუტატი“ დაკავებულია
დე ფაქტო აფხაზეთის სამართალდამცველებმა ძებნილი „დეპუტატი“ ნოდიკ კვიცინია დააკავეს. მას ბრალი რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი თანაშემწის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობაში ედება. 2012 წელს მომხდარი დანაშაულის თანამონაწილეებს ჯუმბერ ბიგვავას, ახრა გოპიას, რამინ ხმაილს და ასლან ცვიჟბას სხვადასხვა ვადით, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კვიცინიას 16 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში, „დეპუტატი“ მიიმალა და სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაც დატოვა.

„ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, 16 თებერვალს „უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ“ გააუქმა განაჩენი და საქმე ხელმეორედ განხილვისთვის გადააგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობით ორგანოებს ამ დრომდე არ მიუღიათ შეტყობინება ნოდიკ კვიცინიას ძებნიდან მოხსნის შესახებ, მიმდინარე კვირას “დეპუტატი პარლამენტის შენობაში გამოჩნდა“, წერს გამოცემა. ამავე ცნობით, ამ დროისათვის ის დაკავებულია.


Print