ახალი ამბები
ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე არსებულ ქონებას მესაკუთრეები 15 აპრილამდე დატოვებენ
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტის ფარგლებში, გამოსყიდული მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება მესაკუთრეებმა15 აპრილამდე უნდა დატოვონ. თუ მესაკუთრე შეთავაზებულ კონპენსაციას არ დათანხმდება, სახელმწიფოს ექსპოპრიაციის უფლება ექნება.

პორტის მშენებლობის არეალში 505 მიწის ნაკვეთი და 50 საცხოვრებელი სახლი, 1 კომერციული ობიექტი და 255 სათავსო ექცევა. განსახლებაზე 87.58 მლნ ლარი დაიხარჯება. ყველა ხარჯის გათვალისწინებით ბიუჯეტი 96 მლნ ლარით განისაზღვრა.

საკომპენსაციო მიწის ნაკვეთები 8 კატეგორიად დაიყო და შესაბამისად, განსხვავებული კომპენსაციები გაიცემა, რაც მოსავლის, ხეხილისა და ადგილმონაცვლეობის ხარჯებსაც ითვალისწინებს.

მიწის ნაკვეთებისთვის კომპენსაციის ჯამური მოცულობა 78,5 მლნ ლარია, შენობების 6.99 მლნ, ხეხილისთვის 1,06 მლნ, მესერებისთვის 0,6 მლნ, ერთწლიანი კულტურებისთვის 0,3 მლნ, ხოლო ადგილმონაცვლეობის დახმარებისთვის 0,58 მლნ.

გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთები ინვესტორს გადაეცემა, რომელიც პორტის მშენებლობას შემოდგომიდან დაიწყებს. პროექტის განხორციელებისთვის 1 051 317 კვ.მეტრია ჯამში საჭირო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება.

პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.

Print