ახალი ამბები
ნატო სოხუმს გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით აკრიტიკებს
ნატო დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო - გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადებას ნატოს სპეცწარმომადგენელი ოანა ლუნგესკუ აკეთებს. მისი თქმით, ეს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვაა.

"მე შეშფოთებული ვარ ფაქტით, რომ აპირებენ ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს რეგიონში. ამ გამშვები პუნქტების დახურვას, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მოქალაქე იყენებს, უარყოფითი ზეგავლენა ექნება ადგილობრივ სიტუაციასა და რეგიონის სტაბილურობაზე. ეს ხელს შეუშლის მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას და გავლენას მოახდენს ადგილობრივების ცხოვრებაზე", - აღნიშნა ოანა ლუნგესკუმ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება", - ნათქვამია ოანა ლუნგესკუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სამეგრელო - აფხაზეთის საზღვარზე ნაბაკევის და ოტობაიას საკონტროლო - გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, აღინიშნა, რომ ფუნქიონირებას განაგრძობს გალის რაიონის სოფელ საბერიოში არსებული საგუშაგო, ასევე, გადასასვლელი, რომლითაც მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები სარგებლობენ.


Print