ავღანეთში კიდევ 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება ბაზაზე. სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები. გარდაცვლილია 6 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე.
ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. მიმდინარეობს მისი ძებნა.
მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხდროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაჭრილ სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ საერთაშორისო მისიაში, უკან არ დაიხევენ და მოწინააღმდეგეს არ შეუშინდებიან. ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით თავდაცვის სამინისტროში: 2 91 04 21; 2 72 35 35 (შიდა ნომერი 2325)", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები