ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა ბოლოდროინდელი რეზონანსული მკვლელობების გახსნას ითხოვს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა „შს სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან“ თათბირი გამართა. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა რაულ ხაჯიმბას ბოლო პერიოდში აფხაზეთში მომხდარი თავდასხმების და მკვლელობების გამოძიების მსვლელობის შესახებ მოახსენეს.

„გენერალური პროკურორის“ ზურაბ აჩბას განცხადებით, ამ დროისათვის ტარდება ოპერატიული ღონისძიებები გალში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად. ასევე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მაიაკის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე ინფორმაციით, მოხუც ცოლ - ქმარზე თავდასხმაში და მამაკაცის დაწვაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა და ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმღვანელმა უწყებას დაავალა ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რათა გაიხსნას ბოლოდროინდელი რეზონანსული დანაშაულები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ მუშაობაზე საუბრისას, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ გალში მომხდარი ორმაგი მკვლელობის კონტექსტში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ზომები უნდა მიიღონ, იმისათვის, რომ „საზღვარი ჩაიკეტოს“.

Print