ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთი: ტურისტების ნაკადმა იკლო
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე 2016 – 2020 წლების ტურისტული სეზონებისთვის მზადების გეგმები დასახეს. გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრმა დაურ კურმაზიამ მიმდინარე წლის ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ექსკურსიების რაოდენობა შემცირდა, განსაკუთრებით, ახალ ათონსა და რიწის ტბის რელიქტურ პარკში. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა რეზერვის ამოქმედება ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტურისტების უმეტესი ნაწილი გაგრის რაიონში ჩადის. მისი თქმით, იქ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს მინი - სასტუმროების მშენებლობა. მიმდინარე წელს 24 ახალი ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელიც თათბირს უძღვებოდა, აღნიშნა, რომ, თუ ტურისტების მომსახურება იმავე დონეზე დარჩება, რაც ადრე იყო, ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ, რადგან, რუსეთის ფედერაციაში ამჟამად, ხელსაყრელი პირობები იქმნება დამსვენებელთათვის, განსაკუთრებით, კრასნოდარის მხარესა და ყირიმში.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი შემოსავლები, და შესაბამისად, ტურისტების ნაკადი შემცირდება, დარჩებიან მხოლოდ ერთეულები, ვინც ბუნების უნიკალური ობიექტების დასათვალიერებლად ჩამოდიან“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

მან გაგრაში უკანონო მშენებლობის ფაქტებზე იასუბრა და აღნიშნა, რომ „გაგრა უფორმო ქვის ტომარას ემსგავსება“და აქ დარღვეულია, ქალაქში წლების განავლობაში ჩამოყალიბებული არქიტექტურული სტილი. მან „პრემიერს დაავალა 10 დღის ვადაში შეისწავლოს აღნიშნული საკითხი“.

გარდა ამისა, ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა მყარი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემას და განაცხადა, რომ მომავალ წელს, „ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა, ნაგავსაყრელის ახალი პოლიგონის ასაშენებლად, რადგან დღეს მთელი ნაგავი გუდაუთიდან სოხუმში მიაქვთ, სადაც ნაგვის გროვის სიმაღლე უკვე 7-9 მეტრს აღწევს“.

Print