ახალი ამბები
NDI თვითთმართველი ქალაქების შემცირებაზე: შემაშფოთებელია რეფორმების განხორციელების დრო
NDI საქართველოს ხელისუფლებას თვითმმართველობის იმ რეფორმის გამო აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი რეფორმების არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გატარება შემაშფოთებელია.

"რეფორმების სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არჩეული თანამდებობის პირებიც კი აღიარებდნენ, რომ საჭიროა უფრო სტრატეგიული, კარგად შესწავლილი და სისტემური მიდგომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმის თანაბრობის პრინციპი და თანხების სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგეგმება თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა", - აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.

ყურადღება გამახვილებულია ასევე ოპოზიციისა და არსამთავრობო სექტორის პოზიციაზე.

"ქალაქების ქალაქების მიერ საკუთარი ბიუჯეტის და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი შემცირდება. 6 ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდება ხმის თანაბრობის პრინციპი, მაჟორიტარულ თემებთან შედარებით. ზუგდიდს, სადაც 50 000-მდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, საკრებულოში 5 მაჟორიტარი ეყოლება, ზუგდიდის მიმდებარე თემს, 70 000 რეგისტრირებული ამომრჩევლით - 30. ეს ზუგდიდის თემის მაჟორიტარულ ოლქებს ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებთან შედარებით 4-ჯერ მეტ ხმას მიაკუთვნებს. საკანონმდებლო პროცესში ჩართულმა პარლამენტარებმა არ უარყვეს ხმათა უთანაბრობის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილება ქალაქებში მმართველი ძალის კლებადი მხარდაჭერით არის გამოწვეული", - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, პარტიებს, კანდიდატებს და ამომრჩევლებს არ აქვთ ნათელი წარმოდგენა, რა ტიპის საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები".

ცნობისთვის, NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი შეაფასა და რეკომენდაციები წარადგინა. მანამდე კი დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შეხვდნენ.
Print