ახალი ამბები
მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017” გაიხსნა
ვაზიანის ბაზაზე სამხედრო სწავლება ეროვნული გვარდიის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. მიწვეულმა სტუმრებმა და ღონისძიებაში მონაწილე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, გენშტაბის უფროსმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მიმართეს.

მათ აღნიშნული წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართველ და ამერიკე სამხედროებს მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენ გვიჭირავს გლობალური სტაბილურობის დროშა. გულითადად მივესალმები სამხედრო მოსამსახურეებს. მივესალმები ამერიკელ ჯარისკაცებს. ჩვენი თანამებრძოლები ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - მიაღწიონ, რომ საზღვრები იყოს შეულახავი. მადლობა თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში ბევრ რამეს შეიძენს და აქედან წახვალთ მეგობრებად,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



”ღირსეული პარტნიორის” გახსნის ცერემონია საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა.
წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა, ორი კვირის განმავლობაში იქნება ჩართული. სწავლებაში მონაწილეობას ამერიკული და გერმანული სამხედრო ტექნიკა მიიღებს.

მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მთავარი გზავნილია ”ძალა პარტნიორობაშია”. მას საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.


სამხედრო სწავლებისთვის აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი ფოთის პორტში ჩამოვიდა.

Print