ახალი ამბები
სამეგრელოს 7 ახალი მილიონერი ჰყავს
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული ქონების სანაცვლოდ გადახდილმა კომპენსაციამ 49 604 542 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ,,საქმის კურსი’’ ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს ინფორმაციას 7 შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ერთ მესაკუთრეზე/თანამესაკუთრეზე კომპენსირებულმა ჯამურმა თანხამ 1 მლნ ლარი ან მეტი შეადგინა “, - წერს პორტალი.

სააგენტოს ცნობით, გამოსყიდულია დაახლოებით 63.5 ჰა მიწის ნაკეთი, 42 სახლი და 2 ნანგრევი.

367 ოჯახიდან შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარი მხოლოდ 9 ოჯახმა განაცხადა. ქონების სააგენტო აგრძელებს დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას, რომელიც უნდა განხორციელდეს უშუალოდ პროექტის არეალში არსებული უძრავი ქონებებისთვის 1 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მიმდებარე ქონებებისთვის - 15 სექტემბრის ჩათვლით.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ანაკლიის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 96 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში, მიაღწევს წელიწადში 100 მლნ ტონის გამტარუნარიანობას. მშენებლობის პირველ ფაზაზე დაახლოებით, 568 მილიონის, ხოლო საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.


Print