ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს სოხუმში ჩასვლას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოხუმში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBK ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, „პუტინს სურს ვიზიტი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წლისთავს დაამთხვიოს“. ამავე ინფორმაციით, მოკლე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რუსეთის პრეზდენტი შეხვედრა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან.

РБК - ს ცნობით, პუტინის პრეს - მდივანი დმიტრი პესკოვი გამოცემის მოთხოვნას, დაადასტუროს აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ზატულინის ვარაუდით, აფხაზეთში პუტინის ვიზიტი ქვეყანაში რთულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ასევე, 1 აგვისტოს საქართველოში აშშ - ს ვიცე - პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირდება.

ზატულინის თქმით, შესაძლოა, პუტინის ვიზიტი ასევე „მოწოდებულია, დაადასტუროს ის ვალდებულებები, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინაშე აქვს აღებული. მისი თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პენსი აქტიურ აგიტაციას უწევს საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, რითაც აღძრავს რიგ საკითხებს, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის ძალადობრივ აღდგენას გულისხმობს“.

შეგახენებთ, რომ რუსეთის სხვა ოფიციალური პირები ხშირად სტუმრობენ აფხაზეთს. 3 ივლისს სოხუმში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვალდიმირ სურკოვი, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს კომპლექსის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

Print