ახალი ამბები
სოხუმი: პრიმორსკოეს ტერიტორია ჯერ მხოლოდ ვიზუალურად შესამჩნევი ჭურვებისგან გასუფთავდა
პრიმორსკოეში მომხდარი აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო კომისიის სხდომაზე დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრმა ბესლან ბარციცმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის დაზიანებული სახლების შესაკეთებლად 20 მილიონი რუბლი დაიხარჯა. გარდა ამისა, 12 სახლი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ახალ წლამდე მთლიანად განახლდება. მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, აფეთქების შედეგად ზარალი 200 - მდე ოჯახს მიადგა.

„კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს დასკვნით, ზარალის ოდენობა საერთო ჯამში 60-70 მილიონ რუბლს შეადგენს, რაც ჩვენი ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი თანხაა“, - თქვა ბარციცმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის იგორ ანუას განცხადებით, ამ დროისათვის გაუვნებელყოფილია 1200-1500 მეტრზე მიმოფანტული აუფეთქებელი ჭურვები, რომელთა აღმოჩენა ვიზუალურად იყო შესაძლებელი.

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერიტორია მთლიანად გასუფთავებულია, არის ნაღმები, რომლებიც მიწის ქვეშ უნდა ვეძებოთ. ჩვენ დახმარებას გვიწევენ ორგანიზაცია HALO Trust - ის წარმომადგენელბი. მას შემდეგ, რაც ისინი მთელს ტერიტორიას დეტექტორებით მოივლიან, შეიძლება ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიაზე“, განმარტა ანუამ.


Print