ახალი ამბები
საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები შავ ზღვას იკვლევენ
საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ. კვლევები სამეცნიერო-კვლევითი გემის Mare Nigrum საშუალებით ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ ”შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება" (EMBLAS) ფარგლებში ტარდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგად 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“. 

”შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს: დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი; შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბინძურებლების გამოკვლევა; შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა: შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის.სამეცნიერო კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ”, - განმარტავენ სამინისტროში.

სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ.




Print