ახალი ამბები
აფხაზეთში სასწავლო პროცესი განახლდა
აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლებში 3 ათასამდე პირველკლასელი მივიდა. „განათლების სამინისტროს“ ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში 156 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან 59 - აფხაზური, 46 - რუსული, 15 - აფხაზურ - რუსული, 25 - სომხური, 11 - ქართული. სასწავლო დაწესებულებებში 27 ათასი მოსწავლე და 3 800 - მდე მასწავლებელია.

უფრო ადრე, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო აფხაზეთის განთლების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვარამიამ გალის რაიონის სკოლებზე გააკეთა განმარტებები. მისი თქმით, გალის რაიონის დაბალ ზონაში არსებული 11 სკოლა ეტაპობრივად რუსულენოვან სწავლებაზე გადადის.

„ამ ზაფხულს, აღნიშნული სკოლის პედაგოგებმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რუსული ენის კურსები გაიარეს. მოსწავლეებს უჭირთ სწავლების ერთი ენიდან მეორეზე გადასვლა, თუმცა, გარკვეული ოპტიმისტური შედეგები უკვე გვაქვს. ასე მაგალითად, თუ ადრე უფროსკლასელების 90% საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდა გამოცდებს, წელს ბევრმა მათგანმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სამმა მოსწავლემ რუსული კვოტებით, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა“, - აღნიშნა გვარამიამ.

სოხუმმა სასწავლო პროცესი დღეს, 4 სექტემბერს განაახლა, რადგან ყურბან - ბაირამის დღესასწაულის გამო 1 სექტემბერი უქმე დღედ გამოცხადდა.


Print