ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანია არ აღიარებს დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლობებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში დე ფაქტო აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო - სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბერლინში დე-ფაქტო სოხუმის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა კერძო პირების ინიციატივაა.

"აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირების ინიციატივას და მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიურ ან ეკონომიკურ წარმომადგენლობასთან; გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში მუდმივად უსვამენ ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერას",–  განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბერლინში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა გაიხსნა.

„წარმომადგენლობის გახსნას წინ უძღვოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებების პროცესი, ასევე - წარმომადგენლობის რეგისტრაცია“, - განუცხადა სააგენტოს დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა თამილა მერცხულავამ. დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლობას გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მატცკე უხელმძღვანელებს.

ინტერნეტ - გამოცემის გამოცემის ცნობით, წარმომადგენლობის გახსნას ესწრებოდა გერმანიაში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, სერგეი ნიკიტინი, გერმანიის ბიზნეს-წრეების ცნობილი წარმომადგენლები, მეცნიერები, ბუნდესტაგის დეპუტატები, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები. აფხაზეთი დელეგაციის მხარდასაჭერად აღნიშნულ ღონისძიებაზე მივიდა ,,გერმანიაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გერმანიაში მცხოვრები ხილვა ამიჩბა“.

Print