ახალი ამბები
ევროდეპუტატი „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ბრიუსელში მიწვევას გეგმავს
უახლოეს პერიოდში ევროპარლამენტში „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ინიციატივების მხარდამჭერი დეპუტატთა ჯგუფი შეიქმნება.

ერთ - ერთი ევროდეპუტატი, რომელიც ჯგუფის შემადგენლობაში შევა, იანუშ კორვინ - მიკკეა. “სპუტნიკ აფხაზიას“ ცნობით, სწორედ მან მიიწვია „კეთილი ნების ელჩები“ ბრიუსელში კულტურული ძეგლების დაცვის საკითხების განსახილველად.

"მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას, რადგან ძეგლების დაცვა - ძალიან კარგი საქმეა", - აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, პოლონელთა უმრავლესობამ არ იცის, რომ კავკასიელი ხალხები, ქართველები, აფხაზები და სომხები ქრისტიანები არიან. იქ მრავალრიცხოვანი ძეგლები, ტაძრებია და მნიშვნელოვანია, რომ ისინი განადგურებას გადაურჩნენ. ომის შემდეგ, აუცილებელია ქრისტიანული მემკვიდრეობის შენარჩუნება", - აღნიშნა კორვინ-მიკკემ.

დე ფაქტო აფხაზეთში მოქმედმა საქველმოქმედო მოძრაობამ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაეროს და იუნესკოს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, წერს „სპუტნიკ აბხაზია“. მიმართვის ავტორები იმედს გამოთქვამდნენ, რომ იუნესკო და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო სტრუქტურები „აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ“.

აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მკვეთრად პოლიტიზირებული იყო და „მასში დამახინჯებული ფორმით ცდილობენ წარმოაჩინონ რეალობა და თუკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ვინმეს პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს არის სწორედ საოკუპაციო რეჟიმი, რომლის პირობებშიც ხდება ამ ძეგლების იერსახის დამახინჯება“.

აღსანიშნავია, რომ იანუშ კორვინ-მიკე უკრაინაში 2015 წლიდან პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. მის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინთან ერთად კანონდარღვევით ვიზიტის გამო.

Print