ახალი ამბები
რუსეთი აფხაზეთში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს სადაზღვევო პოლისებს გადასცემს
აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის უვადო პოლისებს მიიღებენ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა.

რუსეთის მოქალაქეთა დაზღვევის ორგანიზების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2017 წლის 8 აგვისტოს მოეწერა ხელი. მისი რატიფიცირება დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა უკვე მოახდინა. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც იგივე პროცედურას რუსული მხარე დაასრულებს.  საუბარია რუსეთის 189 ათასი მოქალაქის სამედიცინო დაზღვევაზე, პოლისს ასევე 14 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ, თუ ერთ-ერთი მშობელი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს.

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩავიდა. სამუშაო ვიზიტით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში უნდა დადგინდეს, თუ სად განთავსდება პოლისის გაცემის პუნქტები.

Print