ახალი ამბები
აფხაზური მხარე საზღვრისპირა რაიონებში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც სტაბილურს
აფხაზური მხარის შეფასებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულმა 51-ე შეხვედრამ კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, წერს “აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საზღვრისპირა რაიონებშიარსებული სიტუაცია, შეაფასეს, როგორ მშვიდი და სტაბილური. ასევე, დადებითად შეფასდა „ცხელ ხაზი“, როგორც ინფორმაციის გაცვლის ეფექტური ინსტრუმენტი.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს დამატებითი ინფორმაცია წინა შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან , მათ შორის თავისუფალ გადაადგილებასა და „საზღვრის“ გადაკვეთისთვის აუცილებელ დოკუმენტაციასა და გალის რაიონში ბინადრობის უფლების გაცემასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო, „უცხოეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთის საზღვრის არაკონტროლირებად ადგილებში გადაკვეთის შემთხვევებს“.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, რომელშიც ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო, გალში 2017 წლის 17იანვარს გაიმართება.


ფოტო: EUMM
Print