ახალი ამბები
სოხუმი: იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა სწორ დასკვნებს გააკეთებს
სოხუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც მიხეილ ჯანელიძემ დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ ახალ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები შერიგების პოლიტიკის ფარგლებში წინადადებების ახალ პაკეტზე მუშაობენ.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “გვინდა შეგახსენოთ, რომ მრავალი წლის მანძილზე აფხაზური მხარის ძალისხმევა მისაღები კომპრომისების გამონახვისკენ იყო მიმართული, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხარეებს შორის დაძაბულობას შეამცირებს და სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი დიალოგის წარმართვას გახდის შესაძლებელს“.

„გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა არაერთი განცხადება გააკეთეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის დაწყების შესახებ, თუმცა, საქართველოს მთავრობა, პრაქტიკულად იგნორირებას უკეთებდა აღნიშნულ რეგიონებში არსებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ მდგომარეობას და უარს აცხადებდა ხელი მოეწერა უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე... იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა სწორ დასკვნებს გააკეთებს და ორივე მხარის ნდობას აღადგენს, რომელიც საქართველოს მიერ აფხაზეთისადმი და მისი ხალხისადმი პერმანენტულად მიმართული აგრესიული პოლიტიკის შედეგად დასრულდა”, – ნათქვამია აფხაზური მხარის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის მიმართულებით უწყების მხრიდან გასულ წელს გაწეულ სამუშაოებზე, მიღწეულ შედეგებსა და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.



Print