ახალი ამბები
ევროპის ფონდი ღია კარის მორიგ საგრანტო პროგრამას იწყებს
ევროპის ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით ზუგდიდში მოქმედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელმა მიაწოდა. ნანა გამყრელიძის თქმით, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საგრანტო პროექტების მეშვეობით, შესაძლებლობა ეძელვათ გამოავლინონ საზოგადოების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.

“პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთანავე, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებას. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან ქვეყნის დონეზე”, - აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საგრანტო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში ღიაა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წარადგინონ საპროექტო განაცხადი.

„ეს პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და ამავდროულად აქვს გავრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი“, - თქვა პროგრამის მენეჯერმა.

ევროპის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს, წარდგენილი პროექტის ბიუჯეტი 40 000 – 45 000 ლარი იყოს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.

Print