ახალი ამბები
აღასრულე სამართლიანობა #ნუმომკლავ - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა
ზუგდიდში მოქალაქეებმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაგეგმეს. შეკრება ქალაქის მთავარი ხეივნის შუაგულში 18:00 საათზე დაიწყება.

"მოვუწოდებთ ხალხს გამოვიდეს და დაგმოს უსამართლობა. ის, რაც ხდება სასამართლო სისტემაში თუ პროკურატურაში, არის ხალხის დაცინვა. ზაზა სარალიძემ ვერ იპოვა სიმართლე, თუ სიმართლე არ დადგინდა, ხვალ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სისტემის მსხვერპლი. დღეს სასამართლომ ფაქტობრივად დააკანონა სიკვდილი, პრაქტიკულად გვითხრა, რომ თუ ზურგს გიმაგრებს ვინმე თანამდებობის პირი, შეგიძლია მოკლა და არავინ არ დაგიჭერს, რაც ჩემი აზრით, არის დაუშვებელი",- თქვა მოქალაქე ნიკა ლაშხიამ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე - ჩატარებული ოპერაციების მიუხედავად, ორ დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არასრულწლოვნების ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასამართლომ გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.


ფოტო: მაკო ჯაბუა
Print