ახალი ამბები
დეპუტატი: "ენერგო-პროს" მოვუწოდებ დაიცვან მომხმარებლის უფლებები
ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია  „ენერგო-პროს ჯორჯიას“ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თქვა. მისი ცნობით, გუშინ საღამოს რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ ტრანსფორმატორს მეხი დაეცა და მოსახლეობას ამ დრომდე შუქი არ მიეწოდება.

„მეორე დღეა უკვე ასეთი მდგომარეობაში არიან რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები. არც ტრანსფორმატორი გამოცვალეს და არც ტელეფონზე გვპასუხობენ.  მარკეტებში რძის პროდუქტი, ფაქტობრივად, გაფუჭებულია და აფთიაქის დახურვა მოუწიათ, რადგან ელექტროენერგიის გარეშე ვერ მუშაობდა. მოვუწოდებ, რომ მომხმარებლის უფლებები დაიცვან. ორი დღეა, ტელეფონზეც არ გვპასუხობენ“, - აღნიშნა სხდომაზე ფაცაციამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დეპუტატს უთხრა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს.

თავის მხრივ, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ტრნასფორმატორი უკვე შეცვლილია და აღნიშნულ უბანს ელექროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში აღუდგება. კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას დენის მიწოდება წუხელ გვიან შეუწყდა.


Print