ახალი ამბები
გუბერნატორი აქციის მონაწილეებს: არ მოტყუვდებით (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მუჟავაში აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ, შეხვდა. ის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ყველა პრობლემას ინიშნავს და პასუხს უახლოეს მომავალში გასცემს.

"არ მოტყუვდებით, ყველა პრობლემას ვინიშნავ და უახლოეს დღეებში გაგცემთ პასუხს", - უთხრა აქციის მონაწილეებს გუბერნატორმა.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულმა თქვა, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და მის აღდგენაზე  ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება.

აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ თუ გზის შეკეთება უახლოეს დღეებში არ დაიწყება ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, რაზეც მოწერელიამ მათ უთხრა, რომ ეს არის სამეურნეო პრობლემა და არჩევნებთან კავშირში არ არის.

„მუჟავაში არის მწვავე პრობლემა, რაც დაკავშირებულია გზასთან. მე სამი დღის წინ გახლდით და ვესაუბრე სოფელ მუჟავას მოსახლეობას, გუშინ საღამოსაც ჩამოვედი. დღეს, როგორც ხედავთ უფრო ფართოდ შეიკრიბნენ, მათ მიაწოდეს ის ინფორმაცია, თუ როდის გადაწყდება ეს საკითხი. ეს საკითხი გადაწყვეტილია და უახლოეს  მომავალში გამოცხადდება ტენდერი, ხოლო ამის შემდგომ დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მე ვერ დავუკავშირებ სამეურნეო საკითხებს არჩევნებს. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ნორმალური გზა ისევე, როგორც სხვა საყოფაცხოვრებო პირობები“, - თქვა მოწერელიამ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მუჟავასა და ჭალეს მოსახლეობა გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, წლებია ეს პრობლემა აწუხებთ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევთ. საპროტესტო აქცია რეგიონის გუბერნატორის მისვლისა და მისგან მიღებული დაპირების შემდეგ დაიშალა.


წალენჯიხის ორ სოფელში საპროტესტო აქცია გაიმართა





Print