ახალი ამბები
გარემოვაჭრე, რომელიც პოლიციამ დააკავა 50 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდში გარემოვაჭრე, რომელიც გუშინ აკრძალულ ადგილას ვაჭრობის გამო დააკავეს და ამის შემდეგ პოლიციის სამმართველოში თვითდაზიანება მიიყენა, რაიონულმა სასამართლომ 50 ლარით დააჯარიმა და სავაჭრო საქონელიც ჩამოართვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიღო.

სამართალდამცავებმა მარინა ფარულავა ადმინისტრაციული წესით, 153 - ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (ნებართვის გარეშე გარევაჭრობა) დააკავეს. ამასთან, მას სამართალდამცავები 173-ე მუხლის დარღვევასაც ედავებოდნენ, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

გარემოვაჭრე სასამართლომ  ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობისთვის კი 50 ლარით დააჯარიმეს.

საქმის გამომძიებლის ელისო შუაშანიას ინფორმაციით, აკრძალულ ტერიტორიაზე გარევაჭრობის ფაქტის შესახებ  შეტყობინება მერიისგან 28 აგვისტოს მიიღეს.

„მერიისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ მათ მიერ აკრძალულ ტერიტორიაზე გარევაჭრობა მიმდინარეობდა და ითხოვდნენ დახმარებას. გაფრთხილებების მიუხედავად კვლავ განაგრძეს ვაჭრობა. 30 აგვისტოს მარინა ფარულავა არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და იძულებული გავხდით დაგვეკავებინა“, - აღნიშნა შუაშანიამ.

რაც შეეხება ფარულავას ის ამბობს, რომ ხვალიდან აქციებს დაიწყებს.

„ან მერიის თანამშრომლები იქნებიან ან ჩვენ. თუ იმ ტერიტორიზე მაღაზიების აშენებას დაუშვებდნენ, ჩვენ რატომ აგვიკრძალეს იქ დგომა“, - თქვა მარინა ფარულავამ პროცესის შემდეგ. 

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრე მარინა ფარულავა პოლიციელებმა 30 აგვისტოს დააკავეს. ის ქალაქის სამმართველოს შენობაში 4 საათი იკითხებოდა რა დროსაც მან თვითდაზიანება მიიყენა. მედიკოსებმა თქვეს, რომ მას პირველადი დახმარება გაუწიეს და მისი ჰოსპიტალიზაცია არ იყო საჭირო.

ამავე თემაზე:



ზუგდიდში გარემოვაჭრემ დაკავების შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა
Print