Error
ახალი ამბები
ეგვიპტემ ტურისტული გიგანტის ტიტული დაკარგა
ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, არმია ამ ფაქტს უკვე ადასტურებს. ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი თანამდებობიდან გუშინ გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ადლი მანსურს დააკისრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ "მუსულმანთა საძმოს" წარმომადგენლების დაკავება დაიწყო. დაკავებული არიან "მუსულმანთა საძმოს" ლიდერი მუჰამედ ბადია და ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ეგვიპტეში 30 ივნისს დაიწყო. პროტესტი მალე მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მოსახლეობა მურსის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილოა. ოპოზიცია კი პრეზიდენტს და "მუსულმანთა საძმოს" ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს. რა ხდება ამ ფონზე ეგვიპტის ეკონომიკაში? 2010 წლამდე ეგვიპტის ეკონომიკა ყოველწლიურად 5–7 პროცენტით იზრდებოდა. ახლა კი ყოველთვიურად 7%–ით ეცემა. ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება მოსახლეობის რაოდენობა. არაბულ რესპუბლიკაში 85 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყოველწლიურად შრომის ბაზარზე მილიონზე მეტი ადამიანი მიდის იმ ფონზე, როცა მხოლოდ 300 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება. მურსის უცხოური დახმარების იმედი ჰქონდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა 30 მილიარდი დოლარის კრედიტის მიღების მიზნით, მათ შრის 10 მილიარდზე ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 4 მილიარდზე მეტის მიღებას ის სავალუტო ფონდისგან, ორი მილიარდისას კი რუსეთისგან იმედოვნებდა, თუმცა მოლაპარაკებები არეულობების გამო შეწყდა. ექსპერტების ნაწილის შეფასებით, "მუსულმანთა საძმოს" მმართველობა თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული, რადგან მათ არ ჰქონდათ ეგვიპტის ეკონომიკის მოდერნიზების კონკრეტული გეგმა. მურსი უკვე ორი წელია ვერ ახერხებს სავალუტო ფონდთან შეთანხმებას ეგვიპტისთვის 4,8 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის მიზნით, რათა ბიუჯეტის დეფიციტი დაფაროს, რომელიც მშპ–ს 10%–ს შეადგენს. მოლაპარაკებების პროცესში ეგვიპტის ხელისუფლებამ რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდიის შემცირება და ფიზიკურ პირებზე გადასახადების გაზრდა. მაგრამ ამ ზომებმა "მუსულმანთა საძმოს" მიმართ ეგვიპტის მოსახლეობის დაბალი ფენების უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტები დაიკავეს რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებიც მათ მიერ კონტროლირებად სფეროებში არაკომპეტენტურები იყვნენ. შედეგად, უმუშევრობა 2010 წლის 9%–იანი მაჩვენებლიდან 13 %–მდე გაიზარდა. ეგვიპტის ეკონომიკის 15%–ს ტურიზმი უზრუნველყოფს. ახლა კი ქვეყანა ამ დარგის გიგანტების სიიდან გავარდა და ამ წოდების დაბრუნების შანსი რამდენიმე წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში აქვს, თუ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ მოხდება და მეტ–ნაკლები პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდება. ტურიზმი ზეწოლას განიცდის რადიკალების მხრიდანაც, რომლებმაც შეზღუდვები დააწესეს ალკოჰოლის გაყიდვაზე, ახლა კი უცხოელებისთვის დრეს–კოდის შემოღებას და პირამიდების აფეთქებასაც კი მოითხოვენ. სერიოზულად დაზარალდა პირველ რიგში, ქვეყნის სოფლის მეურნეობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს. ცნობისთვის: ეგვიპტე ხორბლის 75%–ის იმპორტს ახორციელებს. ქვეყანაში უკვე შეიმჩნევა რიგები ავტოგასამართ სადგურებთან, ბენზინი და პირველადი მოხმარების სხვა საქონელი ძვირდება, ოფიციალური ინფლაცია დღეს 8%–ს შეადგენს. სუსტდება ეგვიპტური ფუნტი, უცხოური ვალუტა კი ქვეყანას აღარ ჰყოფნის. ცენტრალური ბანკის რეზერვები „დნება“. წლის პირველ ნახევარში კაიროს ბირჟის ინდექსმა 14,2% დაკარგა. сommersant.ge
Print