ახალი ამბები
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება (ვიდეო)
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ კლინიკაში სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა ვახტანგ სიხარულიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კლინიკის გახსნის დაგვიანება პროექტში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა.

„თავიდან პროექტში იყო პატარა შეცდომები ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის ჩავაბაროთ. იყო ხელისშემშლელი ფაქტორიც. ფაქტობრივად, უკვე დამთავრებული იყო სამუშაოები, ყველაფერი გადაკეთდა, რადგან პროექტში არ იყო გათვალისწინებული ცეცხლგამძლე კედლები. ამჟამად კორექტირება შესულია და ხელახლა ვაკეთებთ. ნახევარზე მეტი შესრულებულია უკვე. ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებულია“, - თქვა სიხარულიძემ.

კლინიკაში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა. ის ადგილზე გაეცნო პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას. გუბერნატორმა თქვა, რომ უფრო ხშირად დაათვალიერებს მიმდინარე სამშენებლო პროცესს.

„ხშირად ვესტუმრები და იმედი მაქვს, დროულად და ხარისხიანად იქნება ობიექტი ჩაბარებული. როგორც აქ მითხრეს, იყო პროექტში ხარვეზები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კმაყოფილი ალბათ გახსნის დროს ვიქნები, მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგს ვნახავთ“, - აღნიშნა მოწერელიამ.

მხარის გუბერნატორმა სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლიც“  დაათვალიერა. მისი თქმით, კონფლიქტის ზონასთან არსებული ყველა ახალი პროექტი, რომელიც აქ განხორციელდება, მნიშვნელოვანია. გუბერნატორი ფიქრობს, რომ მისი სრული დატვირთვით მუშაობისთვის უფრო მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობაა საჭირო.

სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო.


ამავე თემაზე:

რუხის მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩასატარებელ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა



Print