ახალი ამბები
სამშენებლო კომპანია:ზუგდიდში გაფიცული მუშები ხელფასს რამდენიმე დღეში მიიღებენ
მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არიან დასაქმებულები და დილიდან საპროტესტო აქციას მართავდნენ, კუთვნილ თანხას მომდევნო კვირას მიიღებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენელმა მარი კვერნაძემ უთხრა. ის შექმნილ ვითარებას, საქმის მწარმოებელს უკავშირებს და ამბობს, რომ მან ხელფასების უწყისი კომპანიას დაგვიანებით გაუგზავნა. მისივე თქმით, სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ამ სკოლაში ანალოგიური პრობლემა უკვე მეორედ შეექმნა, რის გამოც საქმის მწარმოებელი სამსახურიდან დაითხოვეს.

„სხვა სკოლებში მომუშავე ჯგუფებს არ ჰქონიათ მსგავსი პრობლემა და მათ დროულად ერიცხებათ ხელფასი, როგოც წესი, ყოველ 15 რიცხვში, თუმცა აქ ამ ჯგუფთან მიმართებაში უკვე მეორედ შეიქმნა ეს პრობლემა. ყველა სხვა ობიექტის საქმის მწარმოებელმა ანუ "პრარაბმა", მოგვაწოდა ხელფასის უწყისი, თუ რომელ მუშას, რა ეკუთვნის, თითოეული მუშის მიერ ხელმოწერილი, ჩვენ ყოველ თვე ასე ვიბარებთ. სხვა ობიექტებისგან ჩვენ ეს მივიღეთ დროულად და მათ ჩაერიცხათ თავიანთი ხელფასი. ამ ობიექტის "პრარაბმა" ეს უწყისი, ჩვენ მოგვაწოდა მხოლოდ ორი დღის წინ, შესაბამისად 15 რიცხვში ვერ მიიღებდნენ თანხას", -აღნიშნა მარი კვერნაძემ.

alt

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კუთვნილი ხელფასის მიღებამდე აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულ სხვა ჯგუფებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

„არ ვაპირებთ აქედან წასვლას, სანამ არ მოგვცემენ ხელფასს. არ ვენდობით და უკმაყოფილო ვართ ამ კომპანიისგან, როგორც ანაზღაურების მხრივ ასევე ამ დაგვიანებით. ჩვენ გვაყიდვინეს გარკვეული ხელსაწყოები და გვითხრეს ფულს თანდათან დაგიმატებთო, მაგრამ მოგვატყუეს.

ზუგდიდში ამ სკოლის გარდა სხვაგანაც, მიმდინარეობს ასეთი სამუშაოები და ყველას ჯგუფს ჩაერიცხა. ამ სკოლის იმ ჯგუფსაც, რომელშიც ჩინელები არიან დასაქმებული... ჩვენ 15-მდე ადამიანს არ გვაქვს აღებული. საქმის მწარმოებელმა პასუხი არ გაგვცა ისე წავიდა. აქ დავრჩებით და არავის მივცემთ მუშაობის გაგრძელების საშუალებას“, - ამბობენ მუშები.

აღნიშნულ ობიექტზე მუშები გასულ თვესაც გაიფიცნენ.

Print