ახალი ამბები
ზუგდიდში გაფიცული მუშათა ნაწილი ხელფასებს დღეს ელოდება
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები კუთვნილ ხელფასებს დღეს ელოდებიან. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა მუშამ ლაშა ბარძემაშვილმა უთხრა. ხელფასების მოთხოვნით, აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულმა 15-მდე ადამიანმა მუშაობა გასულ კვირას შეწყვიტა.

"დღეს ველოდებით ხელფასს, ბიჭები იქ არიან დღესაც, მაგრამ არ მუშაობენ. ერთ-ერთს დაუკავშირდა "პრარაბი", რომელიც გაქცეულია და მისგან ვიცით, რომ დღეს იქნება ხელფასის დარიცხვა, ველოდებით", - აღნიშნა მან.

ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენელი მარი კვერნაძე ამბობს, რომ ხელფასები პროგრამულად მუშავდება და მუშები თანხას ამ კვირის განმავლობაში მიიღებენ.

"ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაირიცხება. შეიძლება დღესაც ჩაერიცხოთ", - ამბობს მარი კვერნაძე.

მუშებისთვის გასული თვის ხელფასების დაგვიანებას ის საქმის მწარმოებელს უკავშირებს და ამბობს, რომ მან შესრულებული სამუშაოების აღწერა კომპანიას დაგვიანებით გაუგზავნა. მისივე თქმით, სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ამ სკოლაში ანალოგიური პრობლემა ერთხელ უკვე წამოიჭრა, რის გამოც საქმის წარმოებელი სამსახურიდან დაითხოვეს. 

აღნიშნულ ობიექტზე მუშები გასულ თვესაც გაიფიცნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სკოლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი კვლავ გაფიცულია

სამშენებლო კომპანია:ზუგდიდში გაფიცული მუშები ხელფასს რამდენიმე დღეში მიიღებენ


Print