ახალი ამბები
სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას 7 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.  მის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, სასამართლომ კუდ-ის ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, არაადამიანური მოპყრობასა და სამსახურებრივი სიყალბეში სცნო დამნაშავედ. ამავე ცნობით, გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და დავით ახალაიასთვის ბრალდების გამოტანა პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რომელმაც განმარტა შემდეგი:

"სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება"-, ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია. გირგვლიანის საქმეზე ბრალი ოთხივე მათგანს აქვს წარდგენილი.
Print