ახალი ამბები
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში მოქმედმა ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ შორის, ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, იაპონიის, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვის მასშტაბური სამუშოები მოინახულეს.

მათ ანაკლიის პორტში პროექტის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და პორტის მენეჯმენტმა უმასპინძლეს. სამუშაოებისა და მსოფლიოში უდიდესი დამაღრმავებელი გემის „ათენას“ მონახულების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  პორტის მენეჯმენტმა პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„პირველად ვარ ანაკლიაში და ბედნიერი ვარ, რომ დეტალრუად შევიტყვე ამ უნიკალური და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვს და მათ შორის იაპონიისთვის. მჯერა, რომ ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ.

ანაკლიაში მიმდინარე პორტის მშენებლობაზე ისაუბრეს ნიდერლანდების სამეფოს და რუმინეთის ელჩებმა საქართველოში. როგორც ელჩებმა აღნიშნეს, ისინი მოხარულები არიან, რომ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მივიღონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ინფორმაციით, ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. მათივე ცნობთ, რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი, რომელთა ჯამური სიგრძე 2 436 510 მეტრს შეადგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.



Print