ახალი ამბები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი: წალენჯიხაში, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ყალბი პირადობის მოწმობების, სავარაუდო, დამზადების შესახებ იუწყებიან. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. წყაროზე დაყრდნობით, არასამთავრობოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან სანდო პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას მათთვის მისაღები კადრები დანიშნეს, მათ შორის, საუბარია, წალენჯიხის სერვისცენტრის ხელმძღვანელზეც.

"წყაროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის არის აღნიშნული გეგმა ან სულ რამდენი ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება იგეგმება. მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან "სანდო" პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას "სანდო" პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ "არასანდო" პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს", - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.


ისინი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ დაინტერესდნენ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების საკითხით და სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.
Print