ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს ამოქმედდება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდი დღეს საღამოს 18:00 საათიდან ამუშავდება.
პრემიერის თქმით, დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.

„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ვალის ტვირთს საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასარულდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ არჩევნების მეორე ტურამდე, 19 ნოემბერს განაცხადა.

ამავე თემაზე:

საბანკო დავალიანების მქონე 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი გაუნულდება
Print