ახალი ამბები
ლევან მებონია: შესაძლოა ენგურჰესის შეჩერება 2019 წლის 1 მარტს მოგვიხდეს
ენგურჰესში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ზღვარზეა, რის გამოც შესაძლოა, ელექტროსადგურის მუშაობა 2019 წლის მარტში შეაჩერონ, ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა. პრეს - ტური კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ორგანიზებით გაიმართა, წერს "აიაირა". 

„ამ დროისათვის წყალსაცავის დონე მინიმალურ ნიშნულზეა და ჩვენ უკვე საექსპლუატაციო ნიშნულზე, 440 მეტრზე, უფრო დაბლა ვართ. ავარიული მარაგი 18 მეტრის ფარგლებშია. ეს კი დაახლოებით, 100 მილიონი კილოვატ - საათია შემოდინებული წყლის მარაგის გარეშე. აფახაზეთი დაახლოებით 7,8 მილიონ კილოვატ - საათს მოიხმარს დღე-ღამეში, რის გამოც წყლის დონე ენგურჰესში ყოველდღიურად 1 მეტრით მცირდება. ეს ტენდეცნია თუ შენარჩუნდა, 2019 წლის მარტში მოგვიწევს ჰიდროელექტროსადგურის შეჩერება“, - განაცხადა მებონიამ.

წყალსაცავში წლის დონის ვარდნას ენერგეტიკოსები უნალექო ზამთარს და აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას უკავშირებენ.

იანვრის შუა რიცხვებში გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. მათ ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი და თებერვალსა და მარტში ენგურჰესის მუშაობა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ გვითხრა, რომ ანგურჰესის შეჩერება 2020 წლამდე არ იგეგმება.
Print