ახალი ამბები
სოხუმი: სამინისტრო ერთ კილოგრამ ფაროსანაში ათას რუბლს გადაიხდის
დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გასულ წელს თხილის ცუდი მოსავლის მიზეზად აზიური ფაროსანას გარდა,აფხაზეთში გავრცელებული მცენარის სხვადასხვა დაავადება დაასახელა. ამის შესახებ ამირან კაკალიამ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ წელს, მავნებელთან ბრძოლა შარშან შემოტანილი ქიმიკატებით გაგრძელდა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, ხოლო მავნებლის მექანიკური შეგროვების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოიყო 7 მილიონი რუბლი. ერთ კილოგრამ შეგროვილ მწერში სამინისტრო 1000 რუბლს იხდის. კაკალიას განმარტებით, პროცესი 4 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება. მისივე თქმით, მომდევნო ეტაპზე ჩატარდება მონიტორინგი აზიური ფაროსანას შესაძლო გავრცელების შესასწავლად.

სპეციალისტის განმარტებით, შესაწამლი ქიმიკატები უფასოდ გაიცემა, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს, ხშირ შემთვევაში, საქართველოდან, შემოაქვთ პრეპარატები და ყიდიან მათ. მან მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამინისტროს პრეპარატების გაყიდვის ფაქტების შესახებ. მისი თქმით, თხილის ნარგავების შეწამვლის მომდევნო ეტაპს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრის სპეციალისტები დაესწრებიან.

Print