ახალი ამბები
როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საპენსიო სქემის დატოვება
საქართველოს მოქალაქეების ნაწილს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი უკვე შეუსრულდა, საპენსიო რეფორმის სქემის დატოვება პირველი აპრილიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოების სერვისცენტრებში მიმართვის საფუძველზე შეუძლიათ. როგორც რადიო „ათინათს“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, სქემის დატოვების მსურველებმა საქართველოს მასშტაბით 69 ფილიალსა და დამატებით, თბილისში, სააგენტოს სერვისცენტრს უნდა მიმართონ.

„იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ფინანსურ დოკუმენტაციას და ადამიანი იღებს უპრეცედენტო ბენეფიტს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამაზე უარს ნებაყოფლობით ამბობს. ამიტომაც აუცილებლად თვითონ უნდა მოვიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში მოქმედი პირადობის მოწმობით ან უნდა წარადგინოს ორიგინალი მინდობილობა. ჩვენთვის ათვლის წერტილად ითვლება ბუღალტრის მიერ თანხის გადარიცხვის და დეკლარაციის წარდგენის თარიღი, შესაბამისად, აქედან იწყება გადათვლა პირველი სამი თვე და სწორედ ამის შემდეგ, ორი თვე აქვს პირს სქემიდან გასასვლელად. მთავარია, რომ ბუღალტერს ეს ოპერაციები დროულად, კანონის შესაბამისად ჰქონდეს განხორციელებული“, - გვითხრეს სააგენტოში.

რაც შეეხება თანხას, პირს ანგარიშზე მხოლოდ საკუთარი დანაზოგი -2 % დაერიცხება, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მიერ დამატებული 2-2% კი ავტომატურად მათ უბრუნდებათ.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო. სქემა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

Print