ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას უტევს
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება "რუსთავი 2" -ზე თავდასხმით სიტყვის თავისუფლებაზე ახალ შეტევას იწყებს. მისი თქმით, ხელისუფლებას ტელევიზიაზე რევანშის აღება სურს.

„შვიდი წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა გამოიწვია სამი უმწვავესი კრიზისი: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, რაც ქალაქებიდან და სოფლებიდან მასობრივ ემიგრაციას, გაღატაკებულ მოსახლეობას და ქვეყნისთვის საჭირო ყველა ეკონომიკური პროექტის გაჩერებას გულისხმობს. ახლა კი ივანილიშვილის საოკუპაციო რეჟიმს სურს დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და ეცადოს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. მათ სურთ „ფეიქ“ სარჩელით „ფეიქ“ ნიუსების „ფეიქ“ ფაბრიკად გადააქციოს „რუსთავი 2“, თუმცა, ჩვენ, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადობა დავიცავთ მათ, მათ შორის უკიდურესი ფორმებით, რადგან არ დაგანებებთ, ეს ქვეყანა დაემსგავსოს ივანიშვილისთვის სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას“, - თქვა ვაშაძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ტელეკომპანიაზე „შეტევის ახალი ფაზა იწყება“.

მისი სიტყვებით, „რუსთავი2“-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.



Print