ახალი ამბები
მოქალაქე: საარჩევნოდ რომ გავჩუმებულიყავი, 100 ლარი შემომთავაზეს (ფოტო)
ჭითაწყარში, მცხოვრები ჯამბულ ზარანდია ადგილობრივ ხელისუფლებას საარჩევნოდ მოსყიდვაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მერის წარმომადგენელი სოფელში ბადრი დარასელია და მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია მივიდნენ და 100 ლარი სახურავის გარემონტებისთვის შესთავაზეს. გარდა ამისა, ზარანდიას მტკიცებით, მათ უთხრეს, რომ თენგიზ ჯგუშიასთან კავშირი არ ჰქონოდა. მან აღნიშნულის შესახებ მერობის კანდიდატთან თენგიზ ჯგუშიასთან ერთად ისაუბრა.

„ჯერ შეშას ვითხოვდი რამდენი ხანი, მაგრამ არ მომცეს. ახლა კიდევ მოვიდნენ და 100 ლარს მოგცემთო, ეს ფული ცელოფნის პარკით რომ გადავხურო, მაგისთვის არ მეყოფა. მე რომ საარჩევნოდ გავმუჩუმებულიყავი და სიტყვა არ მეთქვა, 100 ლარი შემომთავაზეს. ჯგუშიასთან რა საქმე გაქვსო, მასთან რატო მიხვედით, თვითონაც არ იცის, ვინ არისო“, - უთხრა ჟურნალისტებს ზარანდიამ.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ ბადრი დარასელია „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ დანიშნა გამგებლად, რაც მხარდაჭერა ჯგუშიას გამოუცხადა.

თავის მხრივ, მერიაში მოქალაქის ბრალდებას უარყოფენ. გოგი რევია ამბობს, რომ ზარანდიამ მხოლოდ ერთი განცხადება შეიტანა შეშის გადაცემის მოთხოვნით , რაც შესაბამის სამსახურს გადასცეს. რევიას მტკიცებით, მისთვის ჯგუშიასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ.

„ამბობდა, თითქოს რამდენიმე განცხადება შემოიტანა მაგრამ ვერ დაკმაყოფილდა. მას განცხადებები არ აქვს შემოტანილი, არ არის აღრცხული. ამ შემთხვევაშიც დააგვიანდა განცხადების შემოტანა. შევთავაზეთ, მოვლენ, შეამოწმებს კომისია და გარკვეულ თანხას გამოგიყოფენ, რომ შეკეთებისთვის გეყოთ, უარი თქვა ამაზე. არ უნდოდა ჩვენი დახმარება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი „ვაი პოლიტიკოსი“ ასეთი ხალხის ბედით თამაშობს. და გზა-კვალს უბნევენ. ჩვენ დავეხმარებით, თუ მოგვმართავს“, - აღნიშნა რევიამ.

მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას ზარანდია დაგვიანების გამო ვეღარ მიიღებს, თუმცა სახურავის რემონტისთვის 100-დან 1000 ლარამდე თანხის გამოყოფა შესაძლებელია.

Print