ახალი ამბები
გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე: ყველა ღონისძიება, რაც მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა
შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც 20 ივნისის ღამით, აქციაზე და აქციის დაშლის დროს მოხდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.  


„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. არანაირი მნიშველობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა. ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შესაბამისად შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც“,- განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გადადგომას არ აპირებს.

"მე აქ ვიქნები მანამ, სანამ უსაფრთხოდ და ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი", - დასძინა მან.

გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვებს ამ წუთებშიც პასუხობს, პარალელურად, მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია, მერვე დღეა, გრძელდება. 
Print