ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: გახარიამ თავისი მოღვაწეობით დაიმსახურა ეს ადგილი
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა. ივანიშვილის თქმით, გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

"დღეს დილით გვქონდა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს და პარტიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ", - თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.


Print