ახალი ამბები
რასმუსენი: უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე
ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოში უნდა დაიწყოს დისკუსიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?" - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, მედია-საშუალების კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

"არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ", - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

"რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში", - განაცხადა რასმუსენმა.

წყარო: IPN

Print