რეგიონი
ლელო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კორუფციის ნიშნებს ვხედავთ (ვიდეო)
ზუგდიდის ახლად რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის გარკვეული მონაკვეთების დატბორვას მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისში გამოეხმაურნენ. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი ამბობს, რომ ბაღში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში კორუფციის ნიშნებს ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ პროექტისთვის დახარჯული თანხა შესრულებულ სამუშაოებს არ შეესაბამება. ახვლედიანი ხელისუფლებას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.
"სამწუხაროდ დრომ გვიჩვენა, რომ მოლოდინები, რაც ჰქონდა ხელისუფლებას ამ პროექტთან დაკავშირებით არ გამართლდა. დღეს უკვე გვიწევს შეფასება იმის, რაც გაკეთებულია. სახეზეა უპასუხისმგებლო, ძალიან მძიმე და ცუდი დამოკიდებულება და ის სიმახინჯე, რაც ბოტანიკურ ბაღს თან ახლავს. ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, რომ პროექტი, რომელიც, დაახლოებით, 12 მილიონი ღირს და მის სადრენაჟო და სადერევაციო კომუნიკაციის შესაქმნელად თითქმის ნახევარზე მეტი დაიხარჯა, დღეს იტბორება და ჭაობს არის დამსგავსებული. შესაბამისად, საზოგადოებას გაუჩნდა უამრავი კითხვა მისი კეთილსინდისიერად შესრულების კუთხით", - ამბობს ახვლედიანი.

ორდღიანი წვიმის შედეგად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ადგილას წყლის გუბეები დადგა. ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან და ტერიტორიას ათვალიერებენ.

Print