ახალი ამბები
სოხუმი:აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განუცხადა. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს მოქალაქეები, ძირითადად, რესპირატორული დაავადებებით მიმართავენ.

რაც შეეხება დიაგნოსტიკას, აფხაზეთში ამ ეტაპზე, ლაბორატორიულად მხოლოდ A და B ტიპის ვირუსის დადგენა შეიძლება, სხვა შემთხვევაში მასალა რუსეთში იგზავნება. სკორიკის ინფორმაციით, სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური აწარმოებს მონიტორინგს და გამკაცრებულია კონტროლი ადმინისტრაციულ საზღვრებზე, ენგურისა და ფსოუს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე. ასევე, ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 3 მარტიდან მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სოხუმის გადაწყვეტილებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 1 მარტიდან 7 აპრილამდე შესვლა ეკრძალებათ "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, გარდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომლებთანც უვიზო რეჟიმია დაწესებული". ამავე ცნობით, რუსეთში ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.





Print