ახალი ამბები
საქართველოში ძირითად სასურსათო პროდუქტების ფასს სახელმწიფო დააზღვევს
პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მექანიზმი შეიმუშავა, რომლის თანახმად მთავარ სასურსათო პროდუქტების ღირებულება არ გაიზრდება. ფასების შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი, მაკარონი, ხორბალი დ რძის ფხვნილი.

გარდა ამისა, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

„სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებზე და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს.

Print