ახალი ამბები
სეს: სამეგერელოში ფაროსანას შეწამვლა ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეფუტკრე-ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა. მათი ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თხილის და სიმინდის ფართობებში, შეწამვლითი ღონისძიებები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის ლაშა შალამბერიძის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც მეფუტკრე-ფერმერებთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება. მისივე ცნობით, მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ის ტერიტორიები, სადაც ფუტკრის ოჯახებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია.

"იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება", - ამბობს შალამბერიძე.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

Print