ახალი ამბები
1 800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღეებს ბინას - მთავრობის მეთაური
პრემიერ-მინისტრის ცნობით, 150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 1800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1 800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“, - თქვა მთავრობის მეთაურმა.

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპუტატები, თბილისის მერი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print