ახალი ამბები
სოხუმი: 2 დღის განმავლობაში ენგურის ხიდი 260 - მა ადამიანმა გადაკვეთა
ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდზე განთავსებული ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტი 260 - მა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კიუტმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

"26 მაისს მოეწყო ჰუმანიტარული კორიდორი იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ორ დღეში 260-მა ადამიანმა გადაკვეთა ხიდი. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირ პრობლემას არ ჰქონია ადგილი", - თქვა კიუტმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ფიქსირდება იმ პირთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც სამკურნალოდ მიემგზავრებიან საქართველოში. მისი თქმით, მან დავალება გასცა, რომ ამ ადამიანებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ:

"ბევრი მიზეზის გამო ჩვენ ამ პროცესის შეჩერება არ შეგვიძლია, ეს ჰუმანიტარული მიზეზებია. საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს სამუშაოებს იმ პირთა ლეგალების მიზნით, რომლებიც ცოტა ხანში კვლავ უნდა გაემზავრონ. თქვენ წერთ ნოტებს, ათანხმებთ, აგზავნით მათ, ამ დროს კი არიან მძიმე ავადმყოფები, ბავშვები, რომელთაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ გასვლა. აქ არის მარტივი და გასაგები დავალება, არავის უთხრათ უარი", - განაცხადა ანქვაბმა.

სოხუმმა 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვის წინ ჩაკეტა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.



Print