ახალი ამბები
ფოთის ბაზარში დახლების აღებას ხმაური მოჰყვა
ფოთის ბაზარში გვიან ღამით მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების აღება დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოვაჭრეების თქმით, დახლების დემონტაჟი მათთან შეუთანხმებლად მოხდა. მათივე ინფორმაციით, დახლები კერძო საკუთრების ტერიტორიაზე იყო განთავსებული და მათი დემონტაჟის უფლება არავის ჰქონდა. ზედამხედველობის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი ცენტრალური გზის გათავისუფლებას ცდილობდნენ.

„ბაზრის ტერიტორიაზე შემოვედი თუ არა, ვნახე, როგორ იღებდნენ დახლებს. მე ვიცავ ჩემს დახლებს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აიღონ. როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ეს ყველაფერი უსაფრთხოების წესების დაცვის გამო ხდება. ამბობენ, რომ თუ ეს ტერიტორია არ გათავისუფლდა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძროს მანქანები ვერ შემოვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დახლები ამას ხელს არ უშლის. ჩვენ სადაც ვიდექით იქ ვდგავართ, არაფერი დაგვირღვევია ,“ - თქვა მოვაჭრე რიტა ლაგვილავამ.

ფოთის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესი გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხორციელდება.

„ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული,“ - აცხადებენ ფოთის მერიაში.

ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება.


Print