ახალი ამბები
სოხუმი: ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდი 294- მა მოქალაქემ გადაკვეთა
დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის განმავლობაში 294 ადამიანი დაბრუნდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" მონაცემებზე დაყრდნობით, "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ მოქალაქეებმა სამედიცინო - სანიტარული შემოწმება უნდა გაიარონ და ორკვირიან თვითიზოლაციაში დარჩნენ.

სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 - 24 ივნისს ენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნა. ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის გადაკვეთა მოქალაქეებს დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეუძლიათ.

მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე, ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვით იყო ჩაკეტილი. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.


Print