ახალი ამბები
ზუგდიდში ქუჩას აბესალომ ტუღუშის სახელი ეწოდა 
ზუგდიდელი ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის სახელი მიენიჭა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ მონაკვეთს. გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო.

შესაბამისი განცხადებით მსახიობებმა, მხატვრებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს.

აბესალომ ტუღუშს გამოქვეყნებული აქვს 9 წიგნი, კრებულები და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე. მკვლევარი ბოლოს მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე მუშაობდა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო. ის 2008 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.
Print