ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ რიყეში 21 წლის მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს 
21 წლის ტატო ზარქუა რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, გუშინ დააკავეს. მანამდე, ახალგაზრდა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ზუგდიდის სოფელ რიყეში ნათესავის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

"სახლიდან გავიდა გუშინ, 4-ს რომ დააკლდა წუთები, სასეირნოდ მივდივარო. ჩასულა ენგურის სანაპიროზე. ჩვენს ტერიტორიაზე აიყვანეს რუსებმა. აფხაზეთიდან შეგვატყობინა იზოლატორის უფროსმა, ჯერ აფხაზურად ლაპარაკობდა მერე რუსულად, მითხრა რუსულად მელაპარაკეო, შენი დისშვილი დაკავებულიაო საზღვრის გადაჭრის გამო. არაფერი არ ვიცით სხვა, დაკავშირება არ შეგვიძლია, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, ჯერ არავინ მოსულა. ვითხოვ გაათავისუფლონ ბავშვი და გადმოიყვანონ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ თვითონ შევატყობინეთ პოლიციას, რომ არ მოვიდა ბავშვი გვიანობამდე", - ამბობს დაკავებული ახალგაზრდის დეიდა ლუდმილა ქარჩავა.   

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე,  ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 


Print